კურსების წესები და პირობები
1. რეგისტრაცია და სწავლის საფასური
კურსზე რეგისტრაციის შემდეგ ადმინისტრაცია მოსწავლესთან ათანხმებს სწავლების ფორმატს, დონესა და გაკვეთილების გრაფიკს.
სწავლის საფასური განისაზღვრება არჩეული ფორმატის მიხედვით:
- სტანდარტული ჯგუფი — მაქსიმუმ 10 მოსწავლე — 200 ლარი თვეში;
- მცირე ჯგუფი — მაქსიმუმ 5 მოსწავლე — 280 ლარი თვეში;
- ინდივიდუალური სწავლება — 400 ლარი თვეში.
სწავლის საფასური იხდევა ყოველთვიურად, წინასწარ, ყოველი ახალი სასწავლო თვის დაწყებამდე 5 დღით ადრე.
გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად.
თუ მოსწავლე სწავლას თვის განმავლობაში იწყებს, პირველი თვის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დარჩენილი სასწავლო პერიოდის შესაბამისად.
გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს, მოსწავლის ადგილი ჯგუფში აღარ შეინარჩუნოს.
2. ჯგუფის ფორმირება
ჯგუფური სწავლების დაწყების თარიღი დამოკიდებულია შესაბამისი ჯგუფის დაკომპლექტებაზე.
თუ რეგისტრაციისა და თანხის გადახდის შემდეგ სკოლა გონივრულ ვადაში ვერ შეძლებს შესაბამისი ჯგუფის შეთავაზებას, მოსწავლეს შეუძლია:
- დაელოდოს ახალი ჯგუფის ფორმირებას;
- აირჩიოს სხვა შესაბამისი ჯგუფი ან ფორმატი;
- ან მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.
ჯგუფის დაწყების შემდეგ ერთი ან რამდენიმე მოსწავლის მიერ სწავლის შეწყვეტა არ იწვევს მიმდინარე ჯგუფის ავტომატურად გაუქმებას.
3. თანხის დაბრუნება
გადახდილი თანხა სრულად ბრუნდება, თუ:
- სკოლა ვერ სთავაზობს მოსწავლეს წინასწარ შეთანხმებულ და მისაღებ სასწავლო ფორმატს ან გრაფიკს;
- ჯგუფური კურსი ვერ იწყება სკოლის მიზეზით და მოსწავლეს აღარ სურს ახალი ჯგუფის ფორმირების ლოდინი;
- თანხის დაბრუნების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.
კურსის დაწყების შემდეგ, მოსწავლის პირადი მიზეზით სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკვე გადახდილი მიმდინარე თვის საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
განსაკუთრებული გარემოების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ადმინისტრაციას და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება.
4. გაკვეთილების ხანგრძლივობა
- ინდივიდუალური გაკვეთილი გრძელდება დაახლოებით 1 საათი;
- ჯგუფური გაკვეთილი გრძელდება დაახლოებით 1.5 საათი, ჯგუფის ფორმატისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით.
5. გაკვეთილების გრაფიკი
გაკვეთილების გრაფიკი წინასწარ თანხმდება ადმინისტრაციასთან და არის ფიქსირებული.
გრაფიკის ხშირი ცვლილება შეუძლებელია, განსაკუთრებით ჯგუფური სწავლების შემთხვევაში.
ინდივიდუალური გაკვეთილების გრაფიკის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მასწავლებელსა და ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით.
6. გაცდენა მოსწავლის მხრიდან
ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში მოსწავლეს აქვს თვეში ერთი საპატიო გაცდენის უფლება, რომლის შესახებაც მან წინასწარ უნდა აცნობოს მასწავლებელს ან ადმინისტრაციას.
საპატიოდ გაცდენილი გაკვეთილი უნდა აღდგეს იმავე სასწავლო თვის განმავლობაში, მასწავლებელთან წინასწარ შეთანხმებულ დროს.
თუ გაკვეთილის აღდგენა იმავე სასწავლო თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსწავლის მიზეზით, გაკვეთილი ჩატარებულად ჩაითვლება და მომდევნო თვეში არ გადაიტანება.
თუ მოსწავლე შეთანხმებულ აღდგენის გაკვეთილს არ დაესწრება, აღნიშნული გაკვეთილიც ჩატარებულად ჩაითვლება და განმეორებით აღდგენას აღარ დაექვემდებარება.
ინდივიდუალური სწავლებისას თვეში ერთი საპატიო გაცდენის გარდა, მოსწავლის მიზეზით გაცდენილი სხვა გაკვეთილები ჩატარებულად ითვლება და მათი აღდგენა არ ხდება.
ჯგუფური გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში გაკვეთილი არ აღდგება — მოსწავლეს, შესაძლებლობის არსებობისას, გადაეცემა გაკვეთილის ვიდეოჩანაწერი და შესაბამისი სასწავლო მასალა.
7. დაგვიანება
მოსწავლე ვალდებულია, გაკვეთილზე დროულად გამოცხადდეს.
თუ მოსწავლე ინდივიდუალურ გაკვეთილზე 15 წუთზე მეტით აგვიანებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება, მასწავლებელს უფლება აქვს, გაკვეთილი გაცდენილად ჩათვალოს.
დაგვიანების გამო გაკვეთილის დასრულების დრო არ გადაიწევს.
8. მასწავლებლის მიერ გაუქმებული გაკვეთილი
თუ გაკვეთილი ვერ ჩატარდა მასწავლებლის ან სკოლის მიზეზით, სკოლა უზრუნველყოფს:
- გაკვეთილის აღდგენას სხვა დროს; ან
- შესაბამისი გაკვეთილის სხვა შეთანხმებული ფორმით კომპენსირებას.
მასწავლებლის მიზეზით გაუქმებული გაკვეთილი მოსწავლეს არ ეკარგება.
9. მასწავლებლის ცვლილება
სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მასწავლებელი.
„მანდარინის“ ყველა მასწავლებელი შერჩეულია სკოლის მიერ განსაზღვრული პროფესიული და ხარისხობრივი კრიტერიუმების შესაბამისად.
მასწავლებლის ცვლილების შემთხვევაში სკოლა მაქსიმალურად შეეცდება სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას.
10. ოფიციალური დასვენების დღეები
სკოლაში დასვენების დღეებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ოფიციალური სახელმწიფო დასვენების დღე.
თუ მოსწავლის გაკვეთილი ემთხვევა ოფიციალურ სახელმწიფო დასვენების დღეს, აღნიშნული გაკვეთილი ჩატარებულად ითვლება, აღდგენას არ ექვემდებარება და სწავლის საფასური არ მცირდება.
11. გაკვეთილების ვიდეოჩანაწერი და ხარისხის კონტროლი
სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სკოლამ შეიძლება პერიოდულად განახორციელოს ონლაინ გაკვეთილების მონიტორინგი ან ვიდეოჩაწერა.
ვიდეოჩანაწერები შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
- გაცდენილი ჯგუფური გაკვეთილის მოსწავლისთვის გასაზიარებლად;
- სწავლების ხარისხის შიდა მონიტორინგისთვის;
- მასწავლებლების პროფესიული უკუკავშირისთვის.
ჩანაწერები არ გამოიყენება საჯარო ან სარეკლამო მიზნებისთვის მოსწავლის ცალკე თანხმობის გარეშე.
ჩანაწერებზე წვდომა შეზღუდულია და ისინი ინახება მხოლოდ საჭირო პერიოდის განმავლობაში.
პერსონალური მონაცემებისა და ვიდეოჩანაწერების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
12. ონლაინ გაკვეთილზე დასწრების პირობები
მოსწავლე პასუხისმგებელია, ონლაინ გაკვეთილს შეუერთდეს ისეთი გარემოდან, სადაც შეუძლია სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში.
რეკომენდებულია:
- სტაბილური ინტერნეტკავშირი;
- მოქმედი მიკროფონი;
- მშვიდი გარემო;
- საჭირო სასწავლო მასალების მომზადება.
მოსწავლე არ უნდა დაესწროს გაკვეთილს ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მას ან სხვებს, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვისას.
მასწავლებელს უფლება აქვს, მოსწავლეს სთხოვოს კამერის ჩართვა, როდესაც ეს საჭიროა გამოთქმის, იეროგლიფების, აქტივობის ან ეფექტური კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებულ შემთხვევაში კამერის გამორთვა დასაშვებია მასწავლებელთან შეთანხმებით.
13. კომუნიკაცია მასწავლებელთან
მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სწავლების პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი კომუნიკაცია.
გაკვეთილის მიღმა შეტყობინებებზე პასუხის გაცემა ხდება გონივრულ ფარგლებში და მასწავლებელი არ არის ვალდებული, მუდმივად იყოს ონლაინ ან უპასუხოს დაუყოვნებლივ.
ადმინისტრაციულ საკითხებზე მოსწავლემ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას.
14. სასწავლო პროგრესი
სკოლა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველა მოსწავლე კონკრეტულ ენობრივ დონეს ერთსა და იმავე ვადაში მიაღწევს.
სწავლის შედეგი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის:
- გაკვეთილებზე რეგულარულ დასწრებაზე;
- დავალებების შესრულებაზე;
- დამოუკიდებლად მეცადინეობაზე;
- მოსწავლის ინდივიდუალურ ტემპსა და მოტივაციაზე.
მასწავლებელი მოსწავლეს მაქსიმალურად დაეხმარება პროგრესსა და სასწავლო მიზნების მიღწევაში.
15. სასწავლო მასალები
კურსისთვის საჭირო ძირითადი სახელმძღვანელოები და დამატებითი ციფრული მასალები მოსწავლეს მიეწოდება სკოლის მიერ.
სკოლის მიერ შექმნილი სასწავლო მასალების მესამე პირისთვის გავრცელება, გაყიდვა ან საჯაროდ გამოქვეყნება დაუშვებელია სკოლის წინასწარი თანხმობის გარეშე.
16. ქცევის წესები
მოსწავლე ვალდებულია პატივი სცეს მასწავლებელსა და ჯგუფის სხვა წევრებს.
დაუშვებელია:
- შეურაცხმყოფელი ან დისკრიმინაციული კომუნიკაცია;
- გაკვეთილის სისტემატურად ხელის შეშლა;
- სხვა მოსწავლეების პირადი ინფორმაციის გავრცელება;
- გაკვეთილის ან მისი მონაწილეების უნებართვოდ ჩაწერა და გავრცელება.
სერიოზული ან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სკოლას უფლება აქვს, შეწყვიტოს მოსწავლისთვის მომსახურების გაწევა.
17. საინფორმაციო კომუნიკაცია
რეგისტრაციისას მოსწავლე შეიძლება დაეთანხმოს სკოლის სიახლეების, ახალი კურსების, შეთავაზებებისა და სხვა საინფორმაციო კომუნიკაციის მიღებას.
ასეთი კომუნიკაციის მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
18. წესების ცვლილება
სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში განაახლოს წესები და პირობები.
არსებითი ცვლილების შემთხვევაში მოსწავლეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებულნი.
რეგისტრაციითა და სწავლის დაწყებით მოსწავლე ადასტურებს, რომ გაეცნო კურსის წესებსა და პირობებს და ეთანხმება მათ.